Facebook და მისი შექმნის ისტორია
სოციალური ქსელის – "ფეისბუქის” შემქმნელი და დამფუძნებელი – მარკ ცუკერბერგი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. ჟურნალ "ფორბსის” შეფასებით, მისი ქონება დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, ცუკერბეგი იმითაც გამოირჩევა, რომ ფულის მიმართ ზედმეტად გულგრილი დამოკიდებულება გააჩნია და უფრო მეტად ინტელექტუალური საქმიანობით და ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიღწევებით ინტერესდება.
ასეთი მსოფლმხედველობის მიზეზი, სავარაუდოდ, მილიარდერის ახალგაზრდული ასაკია. მარკ ცუკერბერგი 1984 წლის 15 მაისს დაიბადა. ბავშვობა ნიუ-იორკის საუკეთესო ნაწილში გაატარა. ყმაწვილობიდანვე გამოირჩეოდა კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით. მე-6 კლასში იყო, როდესაც საკუთარი კომპიუტერი აჩუქეს. პატარა მარკი სიხარულით ცას ეწია, ყველა საქმე მიატოვა და მთლიანად გადაეშვა საკუთარი პროგრამული იდეების რეალიზაციაში.
სამი წლის შემდეგ, ნორჩმა პროგრამისტმა იმ წლებში პოპულარული ამერიკული თამაშის, “რისკის” კომპიტერული ანალოგი დაწერა. იმავე დროსვე მარკმა სკოლის მეგობრებთან ერთად შექმნა პროგრამა “Winamp” – სთვის, რომელიც ანალიზს უკეთებს მომხმარებლის მუსიკალურ პარამეტრებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ფლეი-ლისტს ქმნის. “მაიკროსოფტმა” იდეის რეალიზაციისთვის ცუკერბერგს ორი მილიონი დოლარი შესთავაზ
ა, თუმცა მარკმა ამ წინადადებაზე, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით, უარი განაცხადა.
უმაღლესი განათლების მისაღებად, მომავალმა მილიარდერმა ჰარვარდი შეარჩია და ფსიქოლოგიის სწავლა დაიწყო. ოდნავ მოგვიანებით მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მეცნიერება მას ისე არ აინტერესებდა, როგორც პროგრამირება. მარკს ახალი იდეა გაუჩნდა: გადაწყვიტა შეექმნა საუნივერსიტეტო ბაზა, სადაც სტუდენტების ფოტოები და მათ შესახებ ინფორმაცია განთავსდებოდა. საამისოდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მიმართა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ასეთი ინფორმაციის შეკრება არარეალური იქნებოდა.
მაგრამ ცუკერბერგმა უკან არ დაიხია. სინდისის ქენჯნის გარეშე გატეხა საუნივერსიტეტო ბაზა, გადმოიტანა მონაცემები თავის საიტზე და დაიწყო სტუდენტების სურათების განთავსება თხოვნით, მიეცათ ხმა რომელიმე კანდიდატურებისადმი, მათი სიმპატიის მიხედვით. მომხდარის შესახებ მალევე შეიტყო ხელმძღვანელობამ და საიტიც დაიხურა, მაგრამ დაფიქსირდა, რომ ცუკერბერგს 4 საათის განმავლობაში “სტუმრად” 500 ადამიანი ჰყავდა.
ჰარვარდელებს სერვისი ძალიან მოეწონათ და მისი ხელახლა გახსნა კატეგორიულად მოითხოვეს. მიზანი მიღწეულ იქნა. ორი კვირის განმავლობაში, საიტზე უნივერსიტეტის სტუდენტების ნახევარი დარეგისტრირდა. მოგვიანებით, პორტალს სხვა ამერიკული სასწავლებლებიც შეუერთდნენ. “ფეისბუქის” იდეამ ნაციონალური მნიშვნელობა შეიძინა.
მაგრამ მარკს უიღბლობა წამოეწია, რომლისგანაც არცერთი დამწყები ბიზნესმენი დაზღვეული არ არის. მას ფული გაუთავდა, სწრაფად პროგრესირებადი პროექტი კი გადამწყვეტ მოქმედებებს ითხოვდა. ცუკერბერგმა "რკინის ქალამნები" ჩაიცვა და ინვესტიციების მოსაძებნად გაემართა. გაიცნო “PayPal” – ის საგადასახადო სისტემის თანადამფუძნებელი, პიტერ თილი. მან ახალგაზრდა გენიოსს დაუჯერა და 500 000 დოლარი მისცა. ამის შემდეგ, “ფეისბუქის” აღმასვლა დაიწყო.
მარკმა და მისმა “რაზმმა” ბევრი იშრომეს და უკვე 2004 წელს ქსელის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონს, ხოლო 2005 წელს – ხუთ მილიონს მიაღწია. ცუკერბერგმა პორტალზე, მოქმედი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, რეგისტრაციის უფლება დართო ნებისმიერ მსურველს. მალე “ფეისბუქი” ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული საიტი გახდა. უკანასკნელი მონაცემებით, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 70 მილიონს გადააჭარბა.
გამილიარდერების შემდეგაც მარკმა თავისი სტუდენტური ცხოვრების სტილი, პრაქტიკულად, არ შეიცვალა. ის კვლავ ცხოვრობს ჩვეულებრივ ბინაში, მინიმალური მოწყობილობებით, იცმევს ჩვეულებრივად, სახლიდან კომპანიის ოფისამდე ფეხით დადის. აცნობიერებს, რომ სოლიდური პროექტის მართვა სპეციალური გამოცდილების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ “ფეისბუქის” ყველა ოპერაციის გასაკონტროლებლად “გუგლის” მენეჯერი, შერილ სენდბერგი დაიქირავა.
მარკ ცუკერბერგი თავისი ექსტრაგავანტურობითაც არის ცნობილი. ერთხელ "მაიკროსოფტის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შესთავაზა საქმიანი შეხვედრა დილის 8 საათზე. ახალგაზრდა გენიოსმა კი უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ მას ამ დროს სძინავს. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ დასვენების დღეს შესთავაზეს “იაჰუს” ბოსებთან მოლაპარაკებაზე მისვლა. საქმე ეხებოდა მილიარდი დოლარის თანხას. ცუკერბერგმა კვლავ უარი განაცხადა, რადგან დღის გატარებას მეგობარ გოგონასთან ერთად აპირებდა.
როგორც ყველა გენიალური აზრი, ასე მარტივად დაიბადა დღეს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის შექმნის იდეა ახალგაზრდა, გენიოსი პროგრამისტის გონებაში. დღეს კი ბევრისთვის ინტერნეტი “ფეისბუქის” გარეშე წარმოუდგენელია და მისი მომხმარებლების სიაში მსოფლიოს ბედის განმგებლებიც მრავლად არიან.
No comments:
Post a Comment